საბერძნეთმა, რომელიც 1-ლი იანვრიდან ეუთო–ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, განაცხადა, რომ გააგრძელებს მცდელობას გამოიძებნოს კომპრომისი საქართველოში ეუთო–ს მისიის მუშაობასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ სწრაფი და კოორდინირებული ქმედებები რათა მოიძებნოს კომპრომისი, რომელიც საშუალებას მისცემს ეუთო–ს საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,“ განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა, რომელიც ეუთო–ს ახალი მოქმედი თავმჯდომარეა.
დეკემბერში რუსეთმა დაბლოკა ორგანიზაციის მისიის მანდატის გაგრძელება საქართველოში, რის შედეგადაც საქართველოში ეუთო–ს მისია ამჟამად დახურვის რეჟიმში იმყოფება, რასაც რამოდენიმე თვე დაჭირდება. როგორც მოსალოდნელია, ამ პერიოდს დიპლომატები გამოიყენებენ მოლაპარაკებებისთვის რათა გამოინახოს კომპრომისი.
რუსეთს სურს რომ ეუთო–მ ცხინვალში გახსნას ცალკე მისია, რომელიც არ იქნება თბილისში არსებულ მისიაზე დამოკიდებული.
31 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეუთო–ს მისიამ საქართველოში მისი არსებული მანდატით „ამოწურა“ თავისი შესაძლებლობები. იქვე აღნიშნულია რომ მისიის მანდატი „დახრეტილ იქნა ქართული არტილერიის მიერ 2008 წლის აგვისტოში“ ასევე საქართველოს გადაწყვეტილებით გამოსულიყო 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულებიდან. აღნიშნული ხელშეკრულებიდან თბილისი აგვისტოს ომის შემდეგ გამოვიდა. ეს ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებისთვის სამშვიდობო ფორმატს განსაზღვრავდა.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად იყო ეუთო–ს ახალ თავმჯდომარე ქვეყანასთან აწარმოოს კონსულტაციები კომპრომისის გამოსაძებნად.
1 იანვარს გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რაც არ უნდა ბევრი ამტკიცოს რუსულმა მხარემ საკუთარი კონსტრუქციულობა, ის საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ვერ შეძლებს