აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ აფხაზი ხალხისა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლებისადმი საახალწლო მიმართვა გაავრცელა.
"როგორც ერთი მიწის შვილებს, გისურვებთ ჩვენი ერთიანობის აღდგენას ჩვენს მშობლიურ აფხაზეთში, სადაც დღეს სამწუხაროდ ბატონობს ვერაგი მესამე ძალა.
ჩვენს ხალხს ოდითგანვე აერთიანებდა საერთო მიწა-წყალი, ტრადიციები, ადათ-წესები და ერთიანი ყოფა. მოსახლეობის თითქმის ნახევარს სწორედ ქართულ-აფხაზური, შერეული ოჯახები შეადგენდნენ. დღეს ნათელი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლების მთავარ მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის უნიკალური სიმდიდრის დაუფლება, აფხაზების ასიმილაცია, რუსიფიკაცია და არა ამ ხალხზე ზრუნვა", _ ნათქვამია მიმართვაში.
საახალწლო მიმართვაში აღნიშნულია, რომ დღეს აფხაზეთის მოსახლეობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.
"დადგა ჟამი, აფხაზები და მათი უხუცესები, რომელთაც ისტორიის მძიმე დღეებში არაერთხელ მიუღიათ მართებული გადაწყვეტილება აფხაზეთის გადასარჩენად, დაფიქრდნენ აფხაზეთის მომავალზე და ყოველივე აწონ-დაწონონ. წინაპრების მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე გვიხმობს პატიების, შერიგებისა და ურთიერთსიყვარულისკენ", _ ნათქვამია მიმართვაში