საქართველოს ელჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ამერიკაში სხვადასხვანაირი შეფასება მოჰყვა.
"საინტერესო იყო ექსპერტთა შეფასებები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ახალი მათთვის არაფერია. ყველამ კარგად იცის ამერიკაში, ვინ დაიწყო ომი, რატომ დაიწყო ომი და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი. რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს განცხადებები არის მნიშვნელოვანი: მისი განცხადებით დასტურდება, რომ ხაფანგიც და ყველაფერი იყო ჩაფიქრებული რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან", - ასე უპასუხა იაკობაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენის" კითხვას, - თუ როგორ აფასებენ დიმიტრი მედვედევის ვლადიკავკაზში გაკეთებულ განცხადებას აშშ-ში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადებები დარჩეს არა მხოლოდ განცხადებებად, არამედ მოჰყვეს კონკრეტული შედეგები.
"ანუ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გახდეს ნატოსკენ ჩიკაგოს სამიტზე", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარება იყო აუცილებელი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული არმიის მოქმედება დიდი რაოდენობის მოქალაქეების გადასარჩენად აუცილებელი იყო, რათა ის საფრთხე, რომელიც მაშინ საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობდა, ყოფილიყო მოხსნილი თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ნატოს საზღვრები გაფართოვდებოდა.