რუსი ექსპერტი, რუსული სტრატეგიული კულტურის ფონდის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე არეშევი აცხადებს, რომ გასულმა 2009 წელმა სამხრეთ კავკასიაში არც ერთი კონფლიქტი _ არც აფხაზეთის, არც სამხრეთ ოსეთის და არც ყარაბაღის _ გადაჭრის გზას არ დააახლოვა. მეტიც, ექსპერტის აზრით, სიტუაცია აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ირგვლივ იძაბება და "ეჭვგარეშეა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება".
"ფართომასშტაბიანი პროვოკაციების ალბათობა რეალური ამ კონფლიქტების მიმართულებით უკვე 2010 წლის ბოლოსთვის ან 2011 წლის დასაწყისისთვის იქნება შესაძლებელი", _ აცხადებს არეშევი და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, საქართველო "ამ ტერიტორიების დაკარგვას არ შერიგებია".
"გრძელდება საქართველოს გამალებული მილიტარიზაცია და ყოველივე ისევე როგორც ადრე, ეს აშშ-ის კურატორობის ქვეშ მიმდინარეობს. აქ არაფერი შეცვლილა ბუშის ადმინისტრაციის დროიდან. უბრალოდ, ახლა უკვე ყოველივე ისე საზოგადოდ და ხმამაღლა არ კეთდება. მხარდაჭერაც არ არის ძველებურად გამოკვეთილი, თუმცა რეალურად ყველაფერი ძველებურად დარჩა", _ აცხადებს არეშევი და დასძენს, რომ საქართველომ თავისი სამხედრო პოტენციალი 2008 წლის აგვისტოსთან შედარებითაც კი მნიშვნელოვნად აამაღლა.
"რუსეთს, რომლის გავლენა კავკასიაზე 2009 წელს საერთო ჯამში შესუსტდა, ახალ რეალიებთან მოუწევს შეჯახება", _ განაცხადა არეშევმა და იმედი გამოთქვა, რომ "რუსეთი მომავალში ამ რეგიონში თავისი საგარეო პოლიტიკის აქტივიზაციასა და ჩრდილიდან სააშკარაოზე გამოყვანას მოახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წელში, შესაძლოა, კავკასიის პოლიტიკური რუკა ისე შეიცვალოს, რომ იგი ვეღარ ვიცნოთ", _ დასძენს არეშევი.