"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია არ გამორიცხავს, რომ "პარლამენტში არსებული ფსევდოოპოზიცია დაიშალოს და გიორგი თარგამაძე თანამდებობის გარეშე დარჩეს".
ჟურნალისტებთან საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ შარშან ზაფხულში ქრისტიან-დემოკრატები მზად იყვნენ საპარლამენტო უმცირესობა დაეშალათ და ახალი, რეალური უმცირესობა შემდგარიყო.
"ჩემი ინიციატივით, მოლაპარაკება შედგა ქდმ-ის ლიდერებთან: გიორგი თარგამაძესთან და ლევან ვეფხვაძესთან იმის თაობაზე, რომ დაეტოვებინათ უმცირესობა და შექმნილიყო ახალი, რეალური უმცირესობა. ეს იქნებოდა ახალი რეალობა პარლამენტში. ისინი დამთანხმდნენ, მაგრამ შემდეგ ხელისუფლების ზეწოლით პირობა აღარ შეასრულეს. მე მათ ვთავაზობდი გამიჯნოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, გურამ ჩახვაძეს, გია თორთლაძესა და პაატა დავითაიას, თუმცა მათ ეს გუნდი აირჩიეს და ეს მათი არჩევანია", - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, მიუხედავად დღევანდელი უზრდელობისა, "ქართული დასის" შეთავაზება - დატოვონ უმცირესობა, გაემიჯნონ გაბაშვილს, კუბლაშვილს, ჩახვაძესა და დავითაიას, კვლავ ძალაშია.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯონდი ბაღათურია და ქრისტიან-დემოკრატები. ვეფხვაძემ ბაღათურიას უთხრა, რომ უმცირესობაში შესვლა სურდა და "კარს უმტვრევდა".