დღეს, 22 ნოემბერს, ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის გარდაცვალებიდან 105 წელი შესრულდა. მწერალი 1916 წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა.
ამერიკელი მწერალი, სათავგადასავლო მოთხრობებისა და სოციალური რომანების ავტორი ჯეკ ლონდონი (ჯონ გრიფიტ ჩენი) 1876 წლის 12 იანვარს დაიბადა. 1899 წლის იანვარში სან-ფრანცისკოს ჟურნალმა "ოვერლენდ მანზლიმ" გამოაქვეყნა მისი პირველი ჩრდილოური მოთხრობა "მათთვის ვინც გზაშია". ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც "ჩრდილოეთის ოდისეასთან" ერთად გამოიცა 1900 წელს ერთ კრებულად სახელწოდებით "მგლის შვილი". მალე ჯეკ ლონდონი სახელგანთქმული მწერალი გახდა.
"მგლის შვილის" გარდა, ჯეკ ლონდონმა ჩრდილოეთის თემას მიუძღვნა მოთხრობების კიდევ რამდენიმე კრებული: "მის წინაპართა ღმერთი და სხვა მოთხრობები", "ყინვის შვილები", "ადამიანის რწმენა და სხვა მოთხრობები", "ქალის სიძულვილი", "სიცოცხლის სიყვარული და სხვა მოთხრობები", "დაკარგული სახე", "სმოკბელიუ". ჩრდილოეთსავე მიუძღვნა რომანი "თოვლის ასული", აგრეთვე ვრცელი მოთხრობები - "წინაპართა ძახილი" და "თეთრი ეშვი".
ჯეკ ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა რომანი "მარტინ იდენი", სადაც თავი მოიყარა მწერლის ცხოვრების გამოცდილებამ, მისმა ნააზრევმა და განცდილმა, პირადმა და საზოგადოებრივმა.
მიუხედავად აღიარებისა, ჯეკ ლონდონი განიცდიდა გაჭირვებას და მიუხედავად ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობისა, კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც და როგორც ფიქრობენ, მან თავი მოიკლა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით.