პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში სახარბიელო მდგომარეობა არ არის, თუმცა საქართველომ შეძლო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან უმტკივნეულოდ გამოსულიყო, რაც ექსპერტის თქმით, ხელისუფლების მთავარი მიღწევაა.
რაც შეეხება ქვეყნის შიდა სტაბილურობას, როგორც საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მიმდინარე წლის აპრილის აქციებისას მოსახლეობამ მაღალი კულტურა აჩვენა, იმისა, რომ პროტესტი დესტაბილიზაციაში და სახელმწიფო კრიზისში არ გადაზრდილიყო.
"პრეზიდენტმა თქვა, რომ უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო და ეს უარესი რამ არ მოხდა. სატელევიზო ინტერვიუში(ნ, შუბლაძესთან) სააკაშვილმა აღნიშნა ხალხის ღვაწლი. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრ ქვეყანას მძიმედ გადაუარა. ჩვენ ეს პროცესი თითქმის არ გვიგრძვნია. მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ისეთი სურათი, რომელიც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში იყო, არ შექმნილა. რაც შეეხება შიდა დესტაბილიზაციას, აქ მოსახლეობამ ძალიან მაღალი კულტურა აჩვენა, რომ პროტესტი დესტაბილიზაციაში და სახელმწიფო კრიზისში არ გადაზრდილიყო. ამაში ოპოზიციასაც აქვს დამსახურება, რადგან ოპოზიციამ საპროტესტო განწყობას არ მისცა რადიკალური ხასიათი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საყვარელიძემ.