რუსი მსახიობი ალექსეი დევოტჩენკო უარს აცხადებს წოდებაზე "რუსეთის დამსახურებული არტისტი" და კიდევ ორ პრემიაზე, რომლებიც მან ვლადიმერ პუტინის ხელიდან მიიღო. ამის შესახებ მსახიობმა თავის ბლოგში თავად დაწერა და იქვე მიუთითა... "დაე, თავად გადაწყვიტონ, რომ მე შეშლილი პიარშიკი ვარ... მაგრამ..."
"არ მსურს, ვლადიმერ პუტინის ხელიდან მიღებული, ორგზის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვიყო. ისიც სიმართლეა, რომ ეს ადრე იყო, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც იგი კვარცლბეკზე ახლადასული იყო. სირცხვილია", _ წერს მსახიობი, თუმცა იქვა აღნიშნავს, რომ არ იცის თუ როგორ ხდება ახლა პრემიებზე უარის თქმა.
"მე არ მსურს მეტი ვატარო ამაყი წოდება "რუსეთის სახალხო არტისტისა", რომელიც მე ვალენტინა მატვიენკოს ხელიდან მივიღე. საბედნიეროდ, მე პირადად არ მიმიღია ეს საჩუქარი, ვინაიდან ამ დღეს აგარაკზე მოვტყდი. მერე გადმომცეს...", _ წერს ასევე მსახიობი.
მიზეზებზე საუბრისას დევოტჩევკო ამბობს - "ამოვიდა ყელში".
"გაჩნდა კითხვა: რატომ მაინცდამაინც ახლა ამეხილა თვალები? უბრალოდ გიპასუხებ: ყელში ამოვიდა ეს სახელმწიფო-სამეფო თავისი სიცრუით, დაკანონებული ძარცვით, მექრთამეობითა და სხვა ბრწყინვალებებით და ყველაზე მთავარი... შეუძლებლობით ითამაშო შენი სპექტაკლები. ჭირნახული და საყვარელი. აი ასე", _ განმარტავს მსახიობი.
"თავისუფალი პრესისათვის" მიცემულ ინტერვიუში დევოტჩევკო აცხადებს: "დროის იმ პერიოდში რომელსაც ჩვენი ქვეყანა გადის, ატარებდე სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდებას მაინც ნიშნავს, რომ ასე თუ ისე ხელისუფლებასთან ხარ დაახლოებული, ამ წოდებას ხომ ხელისუფლება განიჭებს. ამიტომაც ნაწილობრივ მაინც თანამონაწილე ხარ ყველა იმ სისაძაგლეში რასაც ხელისუფლება ჩადის. ეს ნიშნავს, რომ ირიბად ეთანხმები და მხარს უჭერ ხოდორკოვკისა და ლებედევისათვის გამოტანილ განაჩენს, იმას რაც კუშევსკაიაზე ხდება და იმას რაც "რასპადსკაიას" შახტაზე ხდებოდა, რომლის შესახებაც ყველამ უკვე დაივიწყა.
ეს ირიბად პეტერბურგის განადგურების მხარდაჭერაა, რომელიც უკვე კარგა ხანია მიჰყავს ვალენტინა მატვიენკოს. ეს ნიშნავს, რომ თანახმა ხარ პოლიტკოვსკაიას და სტაროვოიტოვას მკვლელობაზე - ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ღმერთმა დამიფაროს ჩემს კოლეგებს ასეთივე საქციელისაკენ მოვუწოდო", _ აცხადებს მსახიობი ალექსეი დევიტჩენკო.
პეტერბურგის ალექსანდრიისკი თეატრის მსახიობი ალექსეი დევოტჩენკო გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის წევრია. იგი დაუმორჩილებლობის მარშებში მონაწილეობს. 2010 წლის 10 მარტს მან ხელი მოაწერა რუსეთის ოპოზიციის მიმართვას სახელწოდებით "პუტინი უნდა წავიდეს".
მასალის გამოყენების პირობები