რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესის მიმართ თავისი მიდგომა კვლავ შეცვალოს.
მისი თქმით, მოსკოვი აფასებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ არასდროს უარყვია დიალოგის აუცილებლობა. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ღიად აქვს გამოცხადებული მიზნად რუსული კომპანიების გლობალური ენერგეტიკული ბაზრიდან განდევნა.
„შეერთებული შტატები ნამდვილად უჭერს მხარს უკრაინას, არა მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სხვადასხვა სანქციის გახანგრძლივებით, არამედ თავისი სანქციების შემოღებითა და პენტაგონის სპეციალური პროგრამების მიღებით, რომლებიც კიევის რეჟიმის სამხედრო-სამრეწველო სექტორის მხარდაჭერას ემსახურება“, -განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს ექმნება შთაბეჭდილება,, რომ აშშ-მა შესაძლოა კვლავ შეცვალოს მიდგომა უკრაინის საკითხის დარეგულირების მიმართ.
მისი თქმით, მსგავსი ვითარება უკვე დაფიქსირდა ანკორიჯში გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც, ლავროვის შეფასებით, მხარეებმა გარკვეულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
„ჩვენ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა კვლავ მოხდეს მიდგომის ცვლილება, როგორც ეს ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ მოხდა, სადაც მიღწეული იყო გარკვეული შეთანხმებები“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იმ შეხვედრის „სული გაქრა“, თუმცა, მისი აზრით, საქმე არა „სულში“, არამედ კონკრეტულ შეთანხმებებშია.
„ურთიერთგაგება იყო მკაფიო და ის მიღწეული იქნა პრეზიდენტ პუტინის თანხმობის საფუძველზე იმ წინადადებებზე, რომლებიც ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა. თუმცა ცვლილებები შეიძლება მოხდეს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით“, - დასძინა ლავროვმა.