სასამართლოს 22 წლის კლერკი მუნირ იაკუბ პატელი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელიც მექრთამეობისთვის გაასამართლეს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის საზეკის რაიონის სასამართლომ მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქრთამის აღებისათვის მკაცრი განაჩენი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი მიმდინარე წლის ივლისში მექრთამეობის შესახებ მიღებული კანონის - Bribery Act საფუძველზე იქნა გამოტანილი.
ამ დრომდე ინგლისის სამართლო პრაქტიკაში მექრთამეობის შესახებ "მუხლი" არ არსებობდა, ხოლო ანალოგიური დანაშაული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის ფარგლებში განიხილებოდა.
ლონდონის აღმოსავლეთ რაიონის დაგენჰემის მცხოვრები მუნირ იაკუბ პატელი დედაქალაქის რედბრიჯის რაიონის მაგისტრატურის სასამართლოში მუშაობდა, სადაც მიმდინარე წლის აგვისტოში მან ქრთამის სახით 500 ფუნტი სტერლინგი აიღო. ქართამი კლერკმა საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის მონაცემთა ბაზაში შეუყვანლობის სანაცვლოდ აიღო.
პატელმა დანაშაული აღიარა და მას ბრალი ქრთამის აღების ერთი ფაქტის გამო დაედო. თუმცა ბრალდება ამტკიცებდა, რომ ანალოგიური 53 ეპოზიდი არსებობდა და კლერკმა "გაწეული სამსახურისთვის" 20 ათასი ფუნტი დააგროვა.
ბრალდება ასევე აცხადებდა, რომ ორწელიწადნახევრის განავლობაში იგი "კლიენტებს" ეხმარებოდა რჩევებით, თუ როგორ აეცილებინათ თავიდან სასამართლოში გამოცხადება საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.
პატელის დანაშაულებრივი ქმედებების გახსნა ერთ-ერთი არშემდგარი "კლიენტის" მეშვეობით მოხდა, რომელმაც გაზეთ Sun-ის რედაქციას მიმართა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა "მორიგი გარიგებისას" კლერკის მიერ ქრთამის აღების ფაქტის ფარული კამერით დაფიქსირება შეძლეს.
როგორც მოსამართლე ალისტერ მაკკრიტმა განაცხადა, პატელის ქმედება წარმოადგენდა სასამართლოსა და სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს.
"სასამართლო სისტემა, რომლის თანამშრომლები მზად არიან აიღონ ქრთამი, რათა დამნაშავეებს ხელი შეუწყონ საკუთარი ქმედებების გამო აირიდონ პასუხიმგებლობა, არ იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას", - განაცხადა მოსამართლემ.
მასალის გამოყენების პირობები