ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, 19 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ღვინის ფესტივალი.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში ჩატარდება საქართველოში წარმოებული ღვინის გამოფენა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დიდი და მცირე ღვინის კომპანიები, ასევე მცირე საოჯახო მარნები, რომლებიც წარმოდგენილები იქნებიან საკუთარი პროდუქციით .
ღვინის ფესტივალზე გაიმართება პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის წიგნისა - "ღვინის ქართულად დაყენება". ღონისძიების ფარგლებში ფესტივალის დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის ნარკვევი ღვინის თემაზე.
ჭავჭავაძის საგვარეულო მარანში ნაჩვენები იქნება (პროექციით) ქართულ ღვინოზე გადაღებული ფილმი "That crazy french woman in Georgia - Cradle of wine". ფილმი იტრიალებს მთელი ღონისძიების განმავლობაში. მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი იქნება მეთუნე თავისი დაზგით, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე თიხისგან დაამზადებს ღვინის ჭურჭელს.
ღვინის ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა თეატრალიზირებულ წარმოდგენებს ღვინის თემაზე, მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის დამახასიათებელ სალონურ სიტუაციაში მოისმინონ ლექსები ღვინის თემატიკაზე ილიას შემოქმედებიდან, ასევე ხალხური, ქართველი და უცხოური მწერლების შემოქმედებიდან საინტერესო ამონარიდები. ფესტივალის დაწყებისთანავე სტუმრებს შეეგებება მეარღნე, ასევე ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება ქართული სუფრის იმიტაცია, თამადითა და ქართული ხალხური სიმღერებით.
ილიას მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ასევე გაიმართება პრეზენტაციები ღვინის ტურიზმში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. (საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა" , ქვევრის ფონდი , ასოციაცია ქართული ღვინო და ა.შ.) პრეზენტაციის დასაწყისში გაიმართება მიღება სტუმრებისათვის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ კლასიკური მუსიკის თანხლებით დააგემოვნონ ადგილობრივი ღვინო და ნუგბარი.