ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭომ ოთხ ექიმს ლიცენზია შეუჩერა. როგორც საბჭოში აცხადებენ, მათი მხრიდან პაციენტთან მკურნალობის პროცესში ბევრი შეცდომა დაფიქსირდა.
„ექიმების მხრიდან დარღვევები გამოვლინდა. სერიოზული ხარვეზები იყო დაშვებული მკურნალობაში, რაზეც გადაწყვეტილებები შესაბამისი იყო. დაისვა მათი სახელმწიფო ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი", - აღნიშნა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თემურ პირველაშვილმა.
ისინი საქმიანობას გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ განაახლებენ. 50 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ერთ კონკრეტულ საქმეზე კი პროკურატურას დამატებითი მასალები გადაეგზავნება.
„ფინანსური სანქციების შემოღება მნიშვნელოვანია, მორალური ზარალის გარდა მატერიალური ზარალის ანაზღაურება დაწესდეს ოჯახების და მოსახლეობის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჯანმრთელობის ხარისხი მნიშნელოვნად უმჯობესდება მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი შეცდომაა სამედიცინო სერვისების მოწოდებაში. მოქალაქე არ უნდა დარჩეს პირისპირ მარტო ექიმთან, სამედიცინო დაწესებულებასთან. ამ შემთვევაში მნიშვნელოვანია პროფესიულ დონეზე მოხდეს თითოეული ამ შემთხვევის გამოძიება და განხილვა", - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ.
ცნობისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ სულ 26 საქმე განიხილა.