ხვალ, 18 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ტრანსპორტის საკითხებში პასუხისმგებელი, სიიმ კალასი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "Using Transport to Link the EU and its Eastern Neighbours". ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსში (გუდიაშვილის № 7).
შეხვედრას დაესწრებიან ევროკომისიის, დიპლომატიური მისიების, სამინისტროების, საზღვაო ნავსადგურების, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტების ლექტორები და სტუდენტები. მსმენელებს ასევე საშუალება მიეცემათ კითხვით მიმართონ ვიცე-პრეზიდენტს.
ევროკომისიაში მისვლამდე კალასი იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, უფრო ადრე კი - ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. იგი სამჯერ იქნა არჩეული ესტონეთის პარლამენტში. კალასს ტრანსპორტის სფეროზე პასუხისმგებლობა 2010 წლის თებერვლიდან დაეკისრა. მანამდე, 2004-2010 წ.წ. ვიცე-პრეზიდენტის რანგში იგი ადმინისტრაციულ, აუდიტის და გაყალბების საწინააღმდეგო საკითხებზე იყო პასუხისმგებელი.