„მთელი საშიშროება იყო სპექტაკლი „წერილები ღმერთს" სენტიმენტალურ ინდური ფილმს არ დამსგავსებოდა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, სპექტაკლის პრემიერის დასრულების შემდეგ.
„ინდური ფილმი ცუდი გაგებით, თორემ კარგი ინდური ფილმებიც მინახავს. ჩვენ ვცდილობთ ოქროს ძაფზე გავიაროთ, რომ ზედმეტი ემოცია არ გამოვიწვიოთ, რადგან თემა ისედაც მძიმეა. პიესა დამთრგუნველია, იმიტომ რომ ბავშვის ჯანმრთელობას ეხება. სპექტაკლში ღმერთზეა ლაპარაკი, მასთან მიწერილ წერილებზე და სიცოცხელეზე, რომელსაც ჩვენ გამართლებას ვერ ვაძლევთ, იმიტომ რომ სიცოცხლეს ბევრი განმარტება აქვს, ყველგან არის, ამიტომ ჩვენი ფინალი მიუხედავად ასეთი დასასრულისა გვინდა მაინც დადებითი იყოს, იმიტომ რომ თუკი ადამიანები ხშირად იფიქრებენ რომ შეიძლება ხვალიდნელი დღე უფალმა აღარ მოგვცეს, მაშინ ჩვენ ძალიან შინაარსიანად გავატარებთ დღეს", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" ჭანკვეტაძემ.
როგორც მსახიობმა საუბარში აღნიშნა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში პირველად თამაშობს. თავს კი პარტნიორებისგან განებივრებულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც კახა კინწურაშილთანაც გაუმართლა, რომელსაც მეორე შვილად მოიხსენიებს.
„პირველად ვარ ამ თეატრში, სადაც კახა კინწურაშვილი ჩემი პირველი პარტნიორია. ბედნიერი ადამიანი ვარ და ვთვლი, თუ რამე გამიკეთებია უმეტესწილად, ეს ჩემი პარტნიორების დამსახურებაა. მე არ ვარ ის მსახიობი, რომელიც სხვა თეატრებში ბევრს თამაშობს. კახას მადლობა, რომ მაძლევს ძალას და ენეგრგიას რომ ამხელა ქალმა ვიხტუნაო, რაც შეეხება ჩემ პერსონაჟს - ჯამბაზი „ვარდისფერი ქალბატონი" ჩვენი მოგონილია. ავტორს პიესაში ასეთი ფორმით არ ჰყავს და დიდხანს ვფიქრობდით, ვინ უნდა შემოსულიყო. ყველანაირად ვცდილობთ რომ ეს ქალბატონი ყველასთვის სასურველი ყოფილიყო", - აღნიშნა მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ.
სპექტაკლი ცნობილი თანამედროვე მწერლის ერიკ ემანუელ შმიტის ნაწარმოების "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის მიხედვით" რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ დადგა. პიესა კი გია ჯოხაძემ თარგმნა.
„ძალიან აღელვებული ვარ, იმიტომ რომ მე ვთარგმნე და შიგნით ყველაფერი მომწონს. ბოლომდე დაიხარჯნენ მსახიობები, რეჟისორი და მთლიანად გუნდი. ნინელის ნიჭი ყველასთვის ცნობილია, მაგარამ კახა კინწურაშვილის ნამუშევარი ჩემი აზრით არაჩვეულებრივია. ეს სპექტაკლი ყველამ უნდა ნახოს. ცოტათი დამთრგუნველია, თემა ბავშვს და მის ავადმყოფობას ეხება, მაგრამ აქ სიცოცხლე იმარჯვებს და მთავარი ეს არის", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" გია ჯოხაძემ.
ცნობისთვის, სპექტაკლი ლეიკემიით დაავადებული პატარა ბიჭის ამბავზეა, რომელიც წერილებს წერს ღმერთს, სადაც საავადმყოფოში გატარებულ დღეებზე უყვება. ამ წერილებს, რომლებშიც ოსკარის ცხოვრების უკანასკნელი 12 დღეა აღწერილი, საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექთანი ანუ ვარდისფერი უნიფორმით შემოსილი ქალბატონი აღმოაჩენს. როგორც რეჟისორი „ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში აღნიშნავს, ადამიანები ამ პრობლემაზე საუბარს გაურბიან.
„ჩვენ ქართველები ამ თემას გავურბივართ და ვცდილობთ რომ ჩვენი პრობლემებით ვიცხოვროთ და რატომ არ შეიძლება სხვა ადამიანის პრობლემა ჩვენიც გახდეს. ყველაზე საოცარ ფრაზას ამბობს ოსკარი „ისეთი მიმიღეთ როგორიც ვარო". ვიყოთ ისეთი როგორიც ოსკარია. ის არის საოცარი ადამიანი, მან გადალახა სიკვდილის შიში, სიცოცხლის შიში და მივიდა იმ აზრამდე რომ მთავარია - იცხოვრო. ოსკარმა დაგვიმტკიცა, რომ ასაკი არ აქვს სიცოხლეს", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ.
„ოსკარს" მსახიობი კახა კინწურაშილი თამაშობს. მან „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში „ოსკარი" პატარა მეგობრად მოიხსენია და ამბობს, რომ სპექტაკლში სიცოცხლის მთავარ სათქმელს მისი 12 წლის ბიჭი ყველაზე კარგად ხსნის.
„ჩემ პატარა მეგობარზე დიდიხანი შემიძლია გელაპარაკოთ, მიუხედავად იმისა რომ ის ძალიან პატარაა, 10 წლისაა ისეთ პრობლემებთან მოუხდა შეჯახება, რომ ბევრ ჩვენგანს ვერც კი წარმოგვიდენია. მან 12 დღეში, (თუმცა, დღეს რა მნიშვნელობა აქვს, პირობითია ეს რიცხვი) მთელი პერიოდი გადალახა. მიხვდა რა არის ცხოვრება, მიხვდა რას ნიშნავს ოჯახი, მეგობარი, სიყვარული, და რაც მთავარია ღმერთი. მან იცოხვრა. ყველაზე მთავარი გზავნილია სიცოცხლის ერთადერთი ახსნა ის არის, რომ უნდა იცოცხლო", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" მსახიობმა, კახა კინწურაშილმა.
აღსანიშნავია ის, რომ პიესის სხვა პერსონაჟები სპექტაკლში ანიმაციის საშუალებით არიან წარმოდგენილი.