დღეს, 4 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა.
გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიაქო და პატრიარქს ილია II-ს დაბადების დღეს ეძღვნება.
გამოფენის მიზანია ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები _ ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები.
გამოფენაზე დამთვალიერებელი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ნივთებს ნახავს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება. თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციაში კი წარმოდგენილი იქნება ეკლესია-მონასტრებში, სახელოსნოებში და კერძო მფლობელთა კოლექციებში შერჩეული საეკლესიო ნივთებით. აქვე გამოიფინება თანამედროვე კედლის მხატვრობის ფოტოებიც.
გამოფენის პარალელურად საგანმანათლებლო საჯარო ლექციების კურსი ჩატარდება, რომელსაც სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წარუძღვებიან.
უახლოეს მომავალში შუა საუკუნეებისა და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ძეგლთა კატალოგების გამოცემაც იგეგმება.