სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქოში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ "ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება".
საპატრიარქოში პატრიარქისა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამას გარდა, შეხვედრის შემდეგ სრულიად საქართველოს კათალიკოსმა ბრძანა, შეხვედრაზე საუბარი ბევრ თემას, მათ შორის საქართველოში არსებულ დღევანდელ ვითარებასაც შეეხო.
"ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. მოხარულები ვართ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მობრძანდა. ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე, განსაკუთრებით კი საქართველოს მომავალსა და დღევანდელ დღეზე. ", - ბრძანა პატრიარქმა შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ, ვანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან პატრიარქისგან რჩევები მიიღო, რომელთაც აუცილებლად გაითვალისწინებს და რაც მას მომავალ გამარჯვებაში დაეხმარება.
ივანიშვილის თქმით, "ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში".
"მივიღე ბევრი რჩევა მისგან, რომლებსაც გავითვალისწინებ და რომლებიც დამეხმარება ჩემს მომავალ მოღვაწეობაში", _ აღნიშნა ბიზნესმენმა.