დღეს, 15 ნოემბერს, 9:30 საათზე, თბილისში, სასტუმროში "ჰოლიდეი ინნ"-ში, ეროვნული კონფერენცია -‘საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება" გაიხსნება.
კონფერენციაში 140-მდე დელეგატი - სტუდენტები, არასამთავრობო, საერთაშორისო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, მკვლევარები და დონორი ორგანიზაციების წევრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით ტარდება.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში დელეგატები მიმოიხილავენ დაქირავებული საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის" პირველად სადისკუსიო დოკუმენტს. პირველ საკონფერენციო დღეს მონაწილეები ახალგაზრდების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. მომდევნო დრეს კი დელეგატები განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს რეკომენდაციებს წარუდგენენ. კონფერენციის ჩატარებით სრულდება „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების" მეორე ეტაპი, რომლის შედეგადაც შეიქმნება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. ახალგაზრდული პოლიტიკის საბოლოო დოკუმენტს საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი აქტიურ ფაზაში 2011 წლის აგვისტოში შევიდა, მას შემდეგ რაც გაეროს ბავშვთა ფონდმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. პოლიტიკის განვითარება სამ ეტაპს მოიცავს:
პირველ ეტაპზე, სამინისტრომ დაიქირავა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც გააანალიზეს ახალგაზრდობის სფეროში არსებული კვლევები, პროგრამები და კანონები. ასევე, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით სამინისტრომ ჩაატარა ახალგაზრდულ ჯგუფებთან საჭიროებებზე და გამოწვევებზე კონსულტაციები ჩაატარა.
მეორე ეტაპზე, მიმდინარეობს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შექმნა. ამ პროცესში ჩართულია ახალგაზრდული სფეროში ჩართული ყველა დაინტერესებული სუბიექტი.
მესამე ეტაპზე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს, და სამინისტრო დაიწყებს 2012 წლის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება.