საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავიდ ბაქრაძის განცხადებით, საქართველო ნატო-სთან არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლაა. ბაქრაძის თქმით, ამის დადასტურებაა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელიც თბილისში მეორედ ტარდება.
"ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა არის მნიშნელოვანი მოვლენა. საბჭოს გასვლითი სხდომა პარტნიორ ქვეყანაში ყოველთვის ასახავს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ნატო-სა და ამ პარტნიორ სახელმწიფოს შორის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში იმართება ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გასვლითი სხდომა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო უფრო ახლოა ნატო-სთან, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. საქართველო უფრო ახლოა ნატო-სთან, ვიდრე იგივე ბუქარესტის სამიტზე იყო სამი წლის წინ", - განაცხადა ბაქრაძემ ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად პარლამენტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დაახლოებისა და თანამშრომლობის პროცესი.
"რა თქმა უნდა, ამ დაახლოების საბოლოო ამოცანა გახლავთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ანუ იმ ამოცანის შესრულება, რომელიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში. საქართველოს და ნატო-ს პარტნიორობა ეს არის წარმატებული ისტორია, მას აქვს წარმატებული განვითარება. ბუქარესტის მერე ძალიან ბევრი პრაქტიკული რამ შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში. ჩვენ გვაქვს ყველა ის ელემენტი, რომელიც აუცილებელია წარმატებული ურთიერთობისთვის, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმა, რომლის მიხედვითაც ნატო და საქართველო ყოველწლიურად პრაქტიკულად თანამშრომლობენ და მუშაობენ, ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ელემენტია ამ დაახლოების და გაწევრიანების გზაზე და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ვალდებულება და სურვილი, რომელიც ნატო-მ ცალსახად დააფიქსირა, რომ საქართველო უნდა გახდეს წევრი. სამივე ეს ელემენტი ქმნის იმის პირობას, რომ საქართველო გახდება აუცილებლად ნატო-ს წევრი", - განაცხადა ბაქრაძემ.
მან ისაუბრა ჩიკაგოს სამიტის შესახებაც და განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ჩიკაგოს სამიტზე დაფიქსირდება საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული ურთიერთობის პროგრესი და კიდევ უფრო დაახლოება ნატო-სთან.