საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში წევრობისთვის უკეთესი კანდიდატი უნდა გახდეს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ დავადექით ჩვენს გზას ევროკავშირისკენ. რეფორმების განხორციელებით. ჩვენ გვინდა საქართველო წევრობისთვის უკეთესი კანდიდატი გახდეს. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეს სტატუსი, მაგრამ, ეს აშკარად შესაძლებელია მომავალში. ეს სერიოზული წინსვლაა", - განაცხადა სააკაშვილმა EurActiv-ის პოლონეთის ბიუროსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და მუდმივი გარე საფრთხის პირობებში იმყოფება ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა წლების განმავლობაში იზრდება.
"წელს 7%-იან ზრდას ველოდებით. ეს შესაძლებელია, რადგან საქართველოში, მსოფლიო ბანკის თანახმად, ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო პირობებია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოც და მოლდოვაც ფაქტობრივად ყველამ აღიარა წამყვან რეფორმატორ ქვეყნებად. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები უცხოეთში წარმატებადაა აღქმული.