სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მსახიობ ვასო გოძიაშვილის სახლ - მუზეუმი ინგრევა. შენობაში სახურავიდან წვიმის წყალი ჩადის, რის გამოც კედლები დანესტილია და იშლება, მთლიანად მორყეულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვაქირის მაცხოვრებლებმა აცნობეს, სიღნაღის გამგებელი მათ მუზეუმის რეაბილიტაციას უკვე ორი წელია პირდება, მაგრამ უშედეგოდ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.
„მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც გამოიდარებს, მაშინვე დაიწყება და თვის ბოლომდე დასრულდება. თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შეასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია ასევე ილო მოსეშვილის და სანდრო ახმეტელის მუზეუმებშიც. ვასო გოძიაშვილის მუზეუმის სარეაბილიტაციოდ 1078 ლარია გათვალისწინებული, ილო მოსეშვილის მუზეუმისთვის - 882 ლარი, ხოლო სანდრო ახმეტელის მუზეუმისთვის 4900 ლარი. ყველაზე მეტ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სანდრო ახმეტელის მუზეუმი საჭიროებს. ვვარაუდობთ, რომ ამ მუზეუმს მომავალი წლიდან ტურისტულ მარშრუტშიც შევიტანთ", - აღნიშნა სიღნაღის გამგებელმა.
ვასო გოძიაშვილის მუზეუმი 1987 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში დაცულია მსახიობის (1905-1976 წწ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები - ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, დოკუმენტური და ფოტო მასალა, კოსტიუმები სპექტაკლებისთვის, წიგნები მსახიობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, თეატრალური ესკიზები და მაკეტები.