საქართველოს საპატრიარქომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დავით შარაშენიძის თქმით, ბადრი პატარკაციშვილისა და პატრიარქის სატელეფონო საუბრისას პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ქონია.
"საქართველოს ეკლესია გამოთქვამს წუხილს რომ კიდევ ერთხელ აქვს ადგილი რელიგიური ფაქტების გამოყენებას პოლიტიკურ ასპექტში. ეკლესიის წარმოჩენა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად დაუშვებელია, რადგან ეკლესია იყო და არის ერის გამაერთიანებელი ძალა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საზოგადოებაში განსხვავებული პოლიტიკური მიმართულებები არსებობს", _ განაცხადა დავით შარაშენიძემ.
მისივე თქმით, საპატრიარქო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ შორის ხელისუფლებას, ნუ ეცდებიან ეკლესიის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად გაემიჯნება ნებისმიერ ასეთ მცდელობას.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის და მან აღნიშნული გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორესთან საუბრის შემდეგ მიიღო.