გიგი უგულავამ და მამუკა ახვლედიანმა ახალი ტურისტული მარშრუტი "მთაწმინდა" გახსნეს.
თბილისელებსა თუ დედაქალაქის სტუმრებს კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკით ფეხით შეუძლიათ დალაშქრონ მთაწმინდის მთა.
"მთაწმინდა" ძველი მარშრუტის "ნარიყალას" გაგრძელებაა, სოლოლაკიდან იწყება და მთაწმინდის პარკთან სრულდება.
ქვაფენილით მოკირწყლული ბილიკი ღამით განათებულია და სეირნობა ღამითაც შესაძლებელია. გზად მიმავლებს სკამები, რუქები, ნაგვის ურნები და სპეციალურად მოწყობილი სავარჯიშო კუთხეები დაგხვდებათ. პროექტის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდა და ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
დათოვლილი ბილიკები პირველმა დედაქალაქის მერმა დალაშქრა და აღნიშნა, რომ მარშრუტით ქვემოდან ზევით ასვლას სპორტულად კარგად მომზადებული ადამიანები თუ შეძლებენ, ტურისტებისთვის კი უფრო მოსახერხებელი ზემოდან ქვევით დაშვებაა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში არსებული ტურისტული ადგილები ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკებით იყოს დაკავშირებული. ასეთი იყო აბანოთუბნისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი ტურუსტული მარშრუტი ახლა კი იგი მთაწმინდის პარკამდე გაგრძელდა. აქ ამოსასვლელად ადამიანს საკმაოდ მტკიცე მუხლი დასჭირდება. უახლოეს მომავალში ეს მარშრუტი კიდევ გაგრძელდება და მამა დავითის სახელობის ეკლესიის გავლით კუს ტბას დაუკავშირდება. ერთი დღე ადამიანმა შეიძლება ოჯახთან ერთად სეირნობა კუს ტბიდან დაიწყოს და აბანოთუბანში დაასრულოს. ეს თბილისელებისთვის თუ ტურისტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მარშრუტი იქნება," - განაცხადა გიგი უგულავამ.