სს „ბანკ ქართუ"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 1-ელი ნოემბრის განცხადების პასუხად სს „ბანკ ქართუ"-ს სამეთვალყურეო საბჭო სრული პასუხისმგებლობითა და კატეგორიულად აცხადებს რომ: გრძელდება სს „ბანკ ქართუ"-ზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომლის მიზანია შექმნას რაიმე, თუნდაც აბსოლუტურად უსაფუძვლო საბაბი ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შემოსაყვანად.
"სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ა.წ. 18 ოქტომბრიდან გადადგმული და სს „ბანკ ქართუ"-სთან დაკავშირებული თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ის ერთი შეხედვით მხარდამჭერი განცხადებები, რომლითაც ეროვნული ბანკი სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას კომერციულ ბანკს, რომლის ანგარიშგებებსაც ყოველდღიურად აანალიზებს და ამ ბაზაზე, ყველაზე უკეთ მოეხსენება, რომ ასეთი სახის დახმარებას სს „ბანკი ქართუ" ამ ეტაპზე აბსოლუტურად არ საჭიროებს.
მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი შეგნებულად უკეთებს იგნორირებას კომერციული ბანკის ნებისმიერ სამართლიან მოთხოვნას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბანკის მდგრადობის უზრუნველყოფას და უპირველესად უკავშირდება ბანკის სრულიად უსაფუძვლოდ და უპრეცენდენტო ძალადობით შელახული სახელისა და იმიჯის აღდგენასა თუ უკანონოდ ჩამორთმეული დიდი ოდენობის ფულადი სახსრების დაბრუნებას.
ქართული საზოგადოება თავად გააკეთებს დასკვნას იმის თაობაზე, თუ რას უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული ბანკის პოზიცია, როდესაც ეს უკანასკნელი არ რეაგირებს ჩვენ მიერ განცხადებულ თუ თავისუფალი მედიის მიერ არაერთგზის გავრცელებულ ფაქტებზე, ბანკის კლიენტებზე განხორციელებული სერიოზული ზეწოლის შესახებ, მეორე მხრივ კი უკვე გუშინვე ეროვნული ბანკის შემმოწმებლებმა მოითხოვეს დეტალური პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ანგარიშის ნომერი და თანხა) ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელთაც გუშინ გამოხატეს უპირველეს ყოვლისა ბანკისადმი მორალური მხარდაჭერა და გახსნეს ანგარიშები ჩვენ ბანკში.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ხაზგასმულია თითქოს „მიზანმიმართულად ფერხდება ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ადგილზე მუშაობის პროცესი" -იგი ემსახურება მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საბაბის უსაფუძვლოდ შექმნის მიზანს და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
სს „ბანკი ქართუ"-ს ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციულად, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის სრულ შესაბამისობაში ითანამშრომლოს ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, მათ შორის შემმოწმებელთა ჯგუფისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნით, რასაც აქამდეც შეუფერხებლად ახორციელებდა"- აღნიშნულია განცხადებაში.