საქართველომ, გარდა ახალი სიცრუისა, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში შვეიცარიის წინადადებაზე დათანხმებით ვერაფერი მიიღო. ეს განცხადება ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მაინც მინდა პატარა ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება - საქართველომ პირადად, გარდა ახალი სიცრუისა, ამით არაფერი მიიღო. ჩვენ მოგვახვიეს თავს რაღაც მონიტორინგი. რუსეთი ამას მგონი ორი წელიწადი თვითონ გვეხვეწებოდა და ჩვენ ვამბობდით უარს. ვმო-ს წევრი ხდება რუსეთი და საქართველოს ამ დროს არავითარი ურთიერთობა არა აქვს ეკონომიკური. ეს ყველაფერი მოახერხა სააკაშვილმა. მას ელემენტალური საერთაშორისო იმუნიტეტი არ გააჩნია", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ზეწოლის შედეგი იყო.
"ვფიქრობ, ეს იყო საერთაშორისო ზეწოლა და სააკაშვილი აიძულეს, ხელი მოეწერა ამაზე. ამაში საქართველოს მოსახლეობის არავითარი ინტერესი არ არის გათვალისწინებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს ყველანაირი იმუნიტეტი საერთაშორისო დონეზე. ეს გააკეთა მხოლოდ, რომ მათთვის გაეწია ანგარიში, იმ იმედით, რომ სააკაშვილი კიდევ გახდეს ასატანი მათთვის", _ განაცხადა ივანიშვილმა.