აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დევნილი მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 2009 წელს 345 ათასი ლარი გასცა.
ამის შესახებ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამიამ განაცხადა.
"ჩვენ ერთჯერადი დახმარება გავეცით 3487 ოჯახზე და ამ თანხამ 345 ათასი ლარი შეადგინა. ასევე სხვადასხვა დახმარების სახით დაიხარჯა 130 ათასი ლარი", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მიმართულებით ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო.
"ჩვენ დევნილ მოსახლეობას ჩავუტარეთ ამბულატორიული გამოკვლევები და მკურნალობა. სულ ამ მიმართულებით დახმარება გაეწია 19 ათას ადამიანს, რისთვისაც 337 ათასი ლარი დაიხარჯა", - განაცხადა გია ბარამიამ.
განათლების მიმართულებით კი, მისი ინფორმაციით, 30 სტუდენტი დაფინანსდა სახელმწიფოს დახმარებით უცხოეთში სტაჟირებისთვის.
"300-ზე მეტმა სტუდენტმა, მათ შორის კონფლიქტური რეგიონიდან გაიარა ინგლისური ენის უფასო კურსები. ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად", - განაცხადა ბარამიამ.
მისივე ინფორმაციით, გალის რაიონის სკოლებში წელს შეიტანეს სახელმძღვანელოები და სასკოლო ინვენტარი, გარემონტდა რამდენიმე საჯარო სკოლაც.
"განათლების მიმართულებით ასევე მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, გაკეთდა მობილური ბიბლიოთეკა და ჩატარდა აფხაზეთის სილამაზის კონკურსი", - განაცხადა გია ბარამიამ.
ეკონომიკურ მიმართულებასთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად მუშაობდა დონორ ორგანიზაციებთან ერთად.