საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება და ეს მხოლოდ დროის და იმ რეფორმების მიმდინარეობის საკითხია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. აღნიშნული განცხადება ცისკარიშვილმა ჯეიმს აპატურაის ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.
ცისკარიშვილის თქმით, საქართველოს უმრავლესობის წევრების განწყობა ცნობილია, მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს სურვილი აქვს, რომ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი იყოს.
~ჩვენი კოლეგების, მათ შორის აპატურაის ამოცანა არის, რომ შეაფასოს საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები, ის დემოკრატიული, სამხედრო რეფორმები, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. შესაბამისად, მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით თუ რა ვადებში და როდის მოხდება საქართველოს გაწევრიანება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში~ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საქართველო მყარად დგას ამ გზაზე და თანამშრომლობს პარტნიორებთან ნატოში გაწევრიანების მიმართულებით.
~დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენი კოლეგები ბრიუსელიდან ჩამობრძანდებიან, ისინი ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის აფიქსირებენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ეს არის მხოლოდ დროის საკითხი და იმ რეფორმების მიმდინარეობის საკითხი, რომელიც საქართველოში ხორციელდება~, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს 27 ოქტომბერს ესტუმრება.