53 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელეხედვის სტუდია ეთერში გავიდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელეანძის პატარა სტუდიიდან ეთერში ორსაათიანი გადაცემა გაიყვანა. დედაქალაქის ამბებისა და მილოცვების შემდეგ მაყურებელმა ტელეეთერით პირველად მხატვრული ფილმი "აბეზარა" ნახა.
ერთწლიანი მზადებისა და ორთვიანი რეპეტიციების შემდეგ საღამოს რვა საათზე ტელევიზიის გახსნისადმი მიძღვნილი ტელეგადაცემა ლია მიქაძის მისალმებით გაიხსნა.
"მოამბის" საინფორმაციო სამსახურმა ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები თუ წამყვანები, იცვლებოდა საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაც. დღეს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი ამბები ყოველდღე იმ სახელწოდებით გადის, რომლითაც "მოამბემ" მაუწყებლობა წლების წინ დაიწყო.