ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”გაცნობებთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის მხადამჭერებზე, ასევე მათი ახლობლების მიმართ.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტების შესახებ.
1. „ქართუ ჯგუფმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეკონსტრუქციის (ასფალტის დაგება) სამუშაოების განხორციელებისათვის ერთერთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. შესრულებული სამუშაოსათვის ავანსის მიღებამდე ამ კომპანიამ მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
2. ბერა ივანიშვილის კლუბისათვის „ქართუ ჯგუფმა" შეუკვეთა ხმის გამაძლიერებლები აშშ-დან, რომელიც 1 კვირის განმავლობაში საბაჟოზეა ( „ლასარე") გაჩერებული. მიუხედავად წერილობითი მიმართვებისა, ამ ფაქტს გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია.
3. ბაკურიანში „ქართუ ჯგუფმა" დაასრულა საბაგირო გზის გაყვანა, თუმცა ზედამხედველობის სამსახური დღემდე არ ატარებს ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგს.
4. „ქართუ ჯგუფის" თანამშრომელებს საცხოვრებელ სახლებში აკითხავენ უბნის ინსპექტორები ინსპექტორები (მიზეზი - უბნის ინსპექტორის შეცვლა, შესაბამისად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება) და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რჩევით, რომ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, უარი თქვან „ქართუ ჯგუფში" სამსახურზე
5. ამავე მიზეზით სხვადასხვა კომპანიები უარს აცხადებენ „ქართუ ჯგუფისა" და ბერას ლეიბლის ლოგოს „ქართული ოცნება" მაისურებზე დატანაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთერთი სტამბის ხელმძღვანელი დაკავებული იყო მხოლოს იმის გამო, რომ დაბეჭდა მაისურები”.