რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დარეგულირებულია. საქართველოს პრეტენზიები რუსეთისადმი კი არ არის ვმო-ს ხაზით ვალდებულებების ნაწილი. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ყველა საკითხი, რომელიც ორგანიზაციის ნორმებთან და წესებთან არის დაკავშირებული, დარეგულირებულია. საქართველოს პრეტენზიები რუსეთისადმი კი არ არის ვმო-ს ხაზით ვალდებულებების ნაწილი", _ განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, საქართველო და რუსეთი, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე 20 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე, რომელიც ჟენევაში შედგა, საქართველომ და რუსეთმა შეთანხმებას ისევ ვერ მიაღწიეს. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა. კაპანაძის განმარტებით, შეხვედრა ამჯერადაც უშედეგი აღმოჩნდა, თუმცა მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას რამდენიმე წელიaა ცდილობს, თუმცა ამ დრომდე ვმო-ს წევრ ყველა სახელმწიფოსთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. წლების განმავლობაში რუსეთმა დაიტანხმა ვმო-ს წევრი ყველა სახელმწიფო გარდა საქართველოსი, რომელიც რუსეთს ვმო-ში წევრობის სანაცვბლოდ გარკვეულ პირობებს უყენებს. თუმცა რუსეთი საქართველოს მოთხოვნებს ამ დრომდე არ თანხმდება.