"ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ნამდვილად არ განსაზღვრავს ვაშინგტონის პოლიტიკას, ამიტომაც მის ეგზოტიკურ განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"ჩვენ ბატონი მაკკეინისგან პირველად როდი გვესმის მსგავსი ეგზოტიკური განცხადებები. არ ვფიქრობ, რომ მათზე სერიოზული კომენტარი უნდა გაკეთდეს. ის ცნობილი ადამიანია, მას მას თავისი ისტორია აქვს, თავისი ფობიები და თავისი "ტარაკანებიც" ჰყავს, თუ გნებავთ. არ მიმაჩნია, რომ იგი ან ახლა განსაზღვრავს აშშ-ის პოზიციას ან მომავალში", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ლიბიაში ოპოზიციის გამარჯვებისა და დიქტატორ მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ მსოფლიოში მცხოვრებ დიქტატორებს ალბათ ნერვიულობა შეეპარათ. მისი თქმით, ალბათ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს წუხელ ცუდად ეძინათ.