"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის განცხადებას ეხმიანება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პოზიცია იმ ტერორთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის და ოპოზიციის წინააღმდეგ ახორციელებს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პოზიცია იმ ტერორთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ახორციელებს. სახელისუფლებო მედიის საშუალებით შეუძლებელია სრული ინფორმაცია მიიღოს ამ მოვლენების მიმართ. ამერიკის ელჩს ხშირად დაუფიქსირებია თავისი მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენების მიმართ, მათ შორის მაშინ, როდესაც ხალხი გამოხატავდა თავის პოზიციას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოფრომაძემ.
მისი თქმით, 26 მაისს ელჩის განცხადება ხელისუფლებისთვის მაპროვოცირებელი გახდა იმ ძალადობის მიმართ, რაც ხელისუფლებამ განახორციელა.
"ბიძინა ივანიშვილი შედარებით ახალი ფიგურაა პოლიტიკაში. შეხვედრაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა იმ ბრალდებების შესახებ, რომელსაც, ბიზნესმენის თქმით, მას უყენებენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ ყველაფერს თვალს და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხებს საქართველოს მთავრობასთანაც განვიხილავთ", - განაცხადა ჯონ ბასმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა ამ ფაქტების შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილისგან იღებდეს ინფორმაციას და არა - აშშ-ის ელჩისგან.