უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები განათლების სფეროში იმავე უფლებებით ისარგებლებენ, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. უცხოეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები განსაკუთრებული სტატუსის მფლობელები გახდებიან.
"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტის თანახმად, თანამემამულის სტატუსის მქონე პირს სპეციალური მოწმობა გადაეცემა, რომლის წარდგენის შემთხვევაში, ის საქართველოში მიმოსვლას უვიზო რეჟიმში შეძლებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაპუნა დავითაიას განმარტებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ეკონომიკური, ეთნიკური, კონფესიური, ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით სრულიად უცხო გარემოში იმყოფებიან, რაც ისტორიული და ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს თითოეულ მათგანს.
"ის პრივილეგიები, რომლებიც ამ სტატუსის მქონე პირებს ექნებათ, ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას ისტორიულ სამშობლოსთან", - განაცხადა დავითაიამ.