უკრაინის წამყვანი ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების ყოველწლიური კონფერენცია "საბანკო სისტემის ავტომატიზაცია" 23-28 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. კონფერენცია ტრადიციულ სახეს ატარებს და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.
ღონისძიების ორგანიზატორი, ავტომატიზებული სისტემების შემუშავების დარგში უკრაინაში წამყვანი კომპანია "CS"-ია, რომელმაც საკონფერენციოდ არჩევანი ამჯერად სწორედ საქართველოზე, თბილისზე შეაჩერა. კონფერენციის ფარგლებში CS"-ის ხელმძღვანელობა ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებთან 24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში" შეხვედრას გამართავს.
ვინაიდან წელს ღონისძიება საქართველოში ჩატარდება, კომპანიის ხელმძღვანელობას სურს მოიწვიოს და კონფერენციაში ჩართოს ქართულ საბანკო სექტორში მოღვაწე წამყვანი IT- სპეციალისტები. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ეს ხელს შეიუწყობს ურთიერთობების გაღმავებას და პროფესიულ შეხედულებათა გაზიარებას კოლეგებს შორის.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, ყოველწლიური კონფერენცია უკრაინული საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან მას საბანკო სექტორის წარმომადგენლების გარდა მსოფლიოში წამყვანი IT-კომპანიების სპეციალისტებიც ესწრებიან.
"ჩვენ გამუდმებით ვხვეწთ ჩვენს პროდუქტებს, ვინაიდან მუდმივად ჩნდება ახალი სისტემები და ცნობილი ტექნოლოგიების უახლესი ვერსიები. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ეს კონფერენცია ჩვენთვის და ჩვენი კლიენტებისთვის ინფორმაციის გაცვლის, შედეგების შეჯამების და განვითარების პერსპექტივის გაზიარების საშუალებას საბანკო სისატემის ავტომატიზაციის მიმართულებით", - აცხადებს კომპანია "CS"-ის დირექტორი დიმიტრი დარჩენკო.
მენეჯმენტის ცნობით, ღონისძიების მთავარ სიახლეს სექციური მუშაობის დანერგვა წარმოადგენს, სადაც ბანკის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, საფინანსო ორგანიზაციებში ავტომატიზებული მუშაობის ეფექტურობის შესახებ ისაუბრონ. ამასთანავე, კომპანია „CS" იმ პარტნიორების დაჯილდოებასაც გეგმავს, რომლებმაც ავტომატიზაციის სფეროში წვლილი შეიტანეს.
კონფერენციის პარალელურად, სტუმრები თბილისსა და საქართველოს სხავდასხვა რეგიონში ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ. ტურის ფარგლებში სტუმრები მცხეთას, ბორჯომს და სიღნაღს მოინახულებენ.
კონფერენცია "საბანკო სისტემის ავტომატიზაციას" გენერალიური სპონსორია კომპანია "ორაკლი". ინოვაციური პარტნიორი კომპანია "IBM", პარტნიორები - "HP" და "მეგატრეიდი". გენერალური მედიაპარტნიორია "ITM", მედიაპარტნიორები - The Financial Times-ი, GHN, RCWEEK-ი, FINANCE.RU, BSNKSTORE.RU, УКРАИНСКИЕ НОВОСТИ da PROSTOBANKIR.RU. ანალიტიკური პარტნიორია ჟურნალი "ექსპერტი". სატელევიზიო პარტნიორია "რუსთავი-2", რადიოპარტნიორი "რადიო კომერსანტი". ღონისძიების მხარდამჭერები არიან სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია" და ღვინის კომპანია "ჩელთი".