ჯორჯ ბუშის მემუარები "საკვანძო გადაწყვეტილებები" რუსულ ენაზე გამოვიდა. მემუარებში ჯორჯ ბუში საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, რაც სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან პრეზიდენტებად ყოფნის დროს ეს ორი ადამიანი 40-ჯერ შეხვდა ერთმანეთს. ამას გარდა, მემუარებში განსაკუთრებული ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომს უჭირავს.
მემუარებში ჯორჯ ბუში წერს თავის პრობლემებზე, რომლებიც ალკოჰოლის მოხმარებასთან იყო დაკავშირებული, ერაყის ომზე და სხვა ზოგ შეცდომაზე.
ბუში იხსენებს მისი და პუტინის პირველ შეხვედრას - მაშინ საუბარი საბჭოთა კავშირის ვალებზე მიდიოდა და რთული იყო. იმისთვის, რომ მდგომარეობა განემუხტა, ბუშმა მოულოდნელად ჰკითხა რუსეთის პრეზიდენტს, მართალია თუ არა, რომ იერუსალიმში ნაკურთხი ჯვარი მას დედამ აჩუქა? აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს ინფორმაცია მის ხელთ სპეცსამსახურების წყალობით მოხვდა, თუმცა მას ამის შესახებ პუტინისთვის არაფერი უთქვამს.
მიუხედავად ამისა, ამ კითხვამ იმდენად "გაალღო" მისი რუსი კოლეგა, რომ მან ბუშს "გულისგანმგმირავი" ისტორია მოუყვა თავისი დამწვარი აგარაკის შესახებ. პუტინის მონათხრობით, როდესაც აგარაკი მთლიანად დაიწვა, ეს ჯვარი სასწაულებრივად გადარჩა, იგი ერთ-ერთმა მეხანძრემ ნახა და პუტინს გადასცა. "მე მას პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და მისი სულის მოძრაობას ვხედავდი", _ ასე აღწერს იმ მომენტს ჯორჯ ბუში.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელიწადმა გააფუჭა პუტინი. საერთაშორისო საქმეებში იგი უფრო აგრესული გახდა და ჯიუტად დაიწყო თავისი ქვეყნის ინტერესებსის გატარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, არაფორმალურ გარემოში, ბუშებთან რანჩოზე ან პუტინის აგარაკზე რუსეთის ლიდერი თავის შარმს იყენებდა.
ჯორჯ ბუში იხსენებს იმასაც, რომ ერთხელ მან პუტინს თავისი ძაღლი - შოტლანდიური ტერიერი, სახელად ბარნი წარუდგინა. პუტინმაც, თავის მხრივ, ბუშს თავისი ძაღლი, სახელად კონი წარუდგინა და აღნიშნა: "ბარნიზე დიდი, ძლიერი და სწრაფია".
ჯორჯ ბუშის მემუარებში ცალკე თემადაა შესული 2008 წლის აგვისტოს ომი. ბუში აღნიშნავს, რომ მაშინ დიმიტრი მედვედევთან სატელეფონო საუბარი მაღალ ტონში მიმდინარეობდა. ამ უკანასკნელმა მაშინ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1500 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა და რომ შესაბამისად იგი სადამ ჰუსეიზე არაფრით უკეთესი არ არის. იგივე თეზისი გაიმეორა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა პეკინში ოლიმპიადის გახსნისას.
"ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე მე და ლორა ვლადიმერთან და მის თარჯიმანთან ერთად ერთ მწკრივში ვიჯექით. ეს დალაპარაკების შანსი იყო. ვიცოდი, რომ ტელეკამერები ჩვენკენ იყო მომართული და ამიტომაც ვეცადე, მშვიდი ვყოფილიყავი. ვუთხარი მისი სერიოზული შეცდომის შესახებ და რომ რუსეთი თავისი თავის იზოლირებას მოახდენს, თუ საქართველოდან არ წაეთრევა", _ წერს ბუში.
მემუარებში თეთრი სახლის ყოფილი ბინადარი ასევე იხსენებს, თუ როგორი ძნელი იყო მისთვის ალკოჰოლურ დამოკიდებულებასთან გამკლავება. "ალკოჰოლზე უარის თქმა იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში", _ წერს ბუში. 11 სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილის ჰალიდ შეიხ მოჰამედის წყლით წამების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი ძალიან გაუადვილდა. "ეს ძალიან სამართლიანი იყო", _ წერს ბუში.