გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატი ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის გარდაცვალების მიზეზებისა და გარემოებების გამოძიებას მოითხოვს. კადაფის გარდაცვალების ერთი და საერთო ვერსია ჯერ ჯერობით არ არსებობს და საზოგადოებასა და მედიაში ხუთ სხვა და სხვა ვერსიაზე მიდის საუბარი.
სხვა და სხვა მონაცემებით, დატყვევებული და დაჭრილი მუამარ კადაფი ბოლო წუთამდე ამბოხებულებს მოუწოდებდა შეჩერებულიყვნენ. ასევე არის ვერსია, რომ მისი ერთ ერთი ბოლო სიტყვა იყო "ხარამ" - რაც "გონს მოეგეთს" ნიშნავს. ერთ ერთმა რევოლუციონერმა კი თითქოს კადაფს ამაზე უპასუხა: "ენა ჩაიგდე, ძაღლო!" - "თქვენ იცით რა არის სწორი და რა არა?" - თითქოს იკითხა მუამარ კადაფმა სიკვდილის წინ. აქამდე არსებობდა ვერსია იმის შესახებ, რომ ტყვედ ჩაგდებულმა პოლკოვნიკმა დაიძახა "არ ისროლოთ".
ამბოხებულთა საბჭო ასევე აცხადებს, რომ რომ კადაფი მიზანმიმართულად არ მოუკლავთ, მისი ლიკვიდაციის ბრძანება არც არავის გაუცია და არც არავინ აპირებდა ამის გაკეთებას. ამავე დროს ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ მუამარ კადაფი მისი რომელიმე მომხრის ტყვიამ შემთხვევით იმსხვერპლა.
იმ ფაქტს, რომ მუამარ კადაფი ტყვედ ჩავარდნის დროს ცოცხალი იყო, სამოყვარულო კამერით გადაღებული კადრები ადასტურებს. მასზე კარგად ჩანს, რომ ყოფილი დიქტატორი ავტომობილისკენ მიჰყავთ. თუმცა მალევე ლიბიის ხელისუფლებამ გაავრცელა ფოტოკადრები სადაც კადაფის უსიცოცხლო სხეულია აღბეჭდილი.
"კადაფი ცოცხლად აიყვანეს ტყვედ და მხოლოდ ამის შემდეგ, მოგვიანებით მოკლეს. მისი სიკვდილის მთავარი მიზეზი ტყვია გახდა, რომელმაც მისი შინაგანი ორგანოები დააზიანა. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი ტყვია თავში", _ აცხადებს ექიმი იბრაჰიმ ტიკა ტელეარხ "ალ არაბიასთან" საუბარში.
მისივე თქმით, კადაფის ვაჟი მუტასიმი მამის შემდეგ გარდაიცვალა. მას ჭრილობები გულმკერდისა და კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.