რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ელექტროენერგის მიწოდება დღესაც შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"2011 წლის 21 ოქტომბერს 14.30 საათზე ქ.მოსკოვში ოსტოჟენკას ქ. 26/1 მდებარე შენობაში განლაგებულ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას კვლავ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც უკვე მესამედ მიმდინარე წლის აგვისტოდან სექცია იძულებულია შეწყვიტოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების გაწევა", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
ვაშაძის უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებით რუსეთის მხარე არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციას და „შვეიცარიის კონფედერაციასა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის კონფედერაციის მიერ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების დაცვის შესახებ" 2009 წლის 4 მარტის შეთანხმებას.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის მხარისაგან საქართველოს ინტერესების სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტში იმყოფება შვეიცარელ კოლეგებთან საკითხის მოგვარების მიზნით", - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.