ბიომეტრიული პასპორტების დაფინანსებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების გაზიარებას საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს.
ჟურნალისტებთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ირიბად თავადაც აღიარებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და წარმატების მიღწევა არსებული კანონმდებლობის პირობებშიც შესაძლებელია.
ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნება თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის წევრები დააფიქსირებენ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მზადაა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ბიომეტრიული პასპორტები დააფინანსოს.
~მზად ვარ, ბიომეტრიული პასპორტები პირადად დავაფინანსო, რაკი მთავრობამ განაცხადა, რომ ამის ფული არ აქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ არჩევნებს არსებულ პირობებშიც მოვიგებთ,~- განაცხადა ივანიშვილმა მედიაექსპერტ ია ანთაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.