ამურის ოლქში ჩამოვარდნილი "სუ 24"-ის კატასტროფის დეტალების გარკვევისას ცხადი გახდა, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის დიმიტრი მედვედევის მიერ იყო დაჯილდოვებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"თვითმფრინავში ორი მაიორი იმყოფებოდა: პილოტი ვიტალი ნოსკოვი და შტურმანი ვიტალი ნოვოსელსკი. ორივე მათგანი მეორე კლასის მფრინავები იყვნენ და ვორონეჟის სამხედრო ნაწილში მსახურობდნენ. ნოვოსელსკი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ "მამაცობის ორდენით" იყო დაჯილდოვებული. ჯილდო მას საქართველოსთან საჰაერო ომის დროს 2008 წელს გამოჩენილი მამაცობისათვის მისცეს. მან ერთ ერთმა პირველმა მიიტანა იერიში ქართულ ტანკებზე, რომლებიც ცხინვალისკენ მიემართებოდნენ", _ იუწყება რუსული მედია.
"ჩვენთვის ნოვოსელსკის სიკვდილი საშინელი სიმწარეა. ყველა ვისაც მცირედი შეხება მაინც ჰქონდა საქართველოსთან წარმოებულ ომთან მშვენივრად იცნობდნენ მას. იგი მამაცი პილოტი იყო და საბრძოლველად ყოველთვის პირველი მიდიოდა, ხოლო საჰაერო ბრძოლებს, კი კონფლიქტის საბოლოო შედეგისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. მრჩეველი ლევ პავლიუჩკოვი და დასძენს, რომ "ვერტმფრენები შიშს ჰგვრიდა ქართველებს და მათი არმია დემორალიზებული იყო".
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი "სუ 24" ამურის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე წარუმატებლად დაჯდა. თვითმფრინავი მთლიანად აალდა და გადაბრუნდა. ეკიპაჟის ვერც ერთმა წევრმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა.