ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი"-ს ორგანიზებით, თეთრიწყაროს რაიონში ჩასახლებული კოდორიდან დევნილი ოჯახებისთვის საახალწლო ღონისძიება და საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბოლნისში მცხოვრებმა დევნილებმა. ღონისძიების დაწყებამდე ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა ანანიამ და ბოლნისის ეპისკოპოსმა ეფრემმა წინწყაროს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადეს, მრევლი დალოცეს და ზეთი აცხეს.
როგორც მიტროპოლიტმა ანანიამ აღნიშნა: „ხალხის ერთი ნაწილი უწყალო მტერმა საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნა, მაგრამ ეს ალბათ იმის ნიშანია, რომ უნდა გავძლიერდეთ და ერთმანეთის სიყვარული გვქონდეს. ამ სოფელში ჩამოსახლებულ დევნილებს გულში სიხარული და სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ და ერთ მუშტად შეკრულ ერს მტერი ვერასოდეს დაგვამარცხებს".
ღონისძიების დამთავრების შემდეგ, დევნილებმა სხვადასხვა საჩუქარი მიიღეს, მათ შორის, სახარება, ხატები და ლოცვანი.