დღეს, 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ქართული კინოტერმინოლოგიის შემუშავების პროექტის ციფრული ვერსიის პრეზენტაცია. პრეზენტაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წევრები, ლექსიკონზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფი, პროექტის პარტნიორები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
კინოტერმინოლოგიის კვლევისა და ქართულენოვანი შესატყვისების შემუშავების პროექტს კინოორგანიზაცია "ჯი-ეფ-ემ ფილმბრიჯი" ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ლექსიკონი მიზნად ისახავს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ახალი ქართული კინოტერმინოლოგიის ჩამოყალიბებას . ეს ხელს შეუწყობს კინოს სფეროში კვლევისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას, ასევე გამარტივდება თანამშრომლობა კინოპროფესიონალებს შორის.
პროექტის პირველ ეტაპზე მეცნიერთა და კინოპროფესიონალთა ჯგუფმა გამოიკვლია დასავლეთის კინოინდუსტრიის 10 000-მდე ტერმინი, თანამედროვე და კლასიკური დარგობრივი სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ნაშრომები, გლოსარიუმები, ლექსიკონები, დოკუმენტაცია და სხვა მასალა.
შემდგომ განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების კინოტერმინოლოგიის რამდენიმე ათასი პრიორიტეტული ტერმინის სიის მოძიება, დარგობრივად დახარისხება, მოკლე ქართულენოვანი აღწერა და პროექტის პარტნიორებთან ერთად თითოეული ტერმინის ქართული შესატყვისის საწყისი ვარიანტის შემუშავება.
პროექტის დასკვნითი ნაწილია განხილვა. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია ტერმინოლოგიის ინოვაციური სისტემების ინსტიტუტის ინტერნეტ-გლოსარიუმში გამოქვეყნება, რაც ორი თვის განმავლობაში კინოპროფესიონალებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ტერმინებს და მონაწილეობა მიიღონ ქართული შესატყვისების დახვეწაში.
განხილვის ეტაპის დასრულების შემდეგ, შემუშავებული ტერმინოლოგიის ლექსიკონი წიგნის სახით გამოიცემა.
ლექსიკონზე მუშაობენ რედაქტორი ქეთევან ჯანელიძე; სამეცნიერო ხელმძღვანელი ზვიად დოლიძე; დარგობრივი ხელმძღვანელი გიორგი ხარებავა; ენობრივი მოდერატორი კახა გაბუნია; დარგობრივი კონსულტანტი გია ჭუბაბრია.
პარტნიორები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ინოვაციური სისტემების ინსტიტუტი.