ამერიკელ ხმის რეჟისორს, მარკ ბერგერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ბერგერს დიპლომი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა.
"ეს ადამიანი დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროფესიონალია ხმის რეჟისურაში. მას აქვს 4 ოსკარი აღებული და ეს უკვე ბევრს ამბობს. მისი მუშაობა, რა პერიოდიც სტუდენტებთან გაატარა, დარწმუნებული ვარ, დიდ შედეგს გამოიღებს ყოველი სტუდენტისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მასტერკლასში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
კომპანია "ქართული ფილმის" ბაზაზე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, სექტემბრიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ ბერგერმა ხმის რეჟისურის 6 კვირიანი კურსი წაიკითხა, რის შემდეგაც სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 45-დღიანი მასტერკლასი, რომელიც კინოსტუდიაში მიმდინარეობდა. ყოველდღე იყო ფილმების ნახვა და მისი გარჩევა. მარკი შეგვპირდა, რომ დაგვირღვევდა ფილმის ყურების სტერეოტიპს და ეს მოახერხა, ანუ ფილმის ყურების შემდეგ ვუყურებთ, რა ხდება გადასაღებ მოედანზე და ვიაზრებთ ხმას დეტალებს. რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ გავმხდარიყავით ხმის რეჟისორები, სხვანაირად უნდა ვუსმინოთ და ვუყუროთ ფილმებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილე გავხდი ამ მასტერკლასის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მეორე კურსის სტუდენტმა ქეთა ზუბიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ რობერტ სტურუას, ნელე ჰერტლინგის, სტივ ოლსენის, ოთარ იოსელიანის და ბეჰროუზ გჰარიბპურის შემდეგ, ბერგერი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე საპატიო დოქტორი გახდა.
"ბევრი რამე ვიცი თქვენი კულტურის შესახებ. ძალიან კარგი სტუდენტები გყავთ და შევეცადე ეს პერიოდი მათთვის პრაქტიკულად და თეორიულად ამეხსნა ის სტრუქტურა, რომელიც მათ სამომავლოდ გამოადგებათ. მადლობა მინდა გადავუხადო მოწვევისთვის და მე ამ ბავშვებთან ურთიერთობას მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მარკ ბერგერმა.
ცნობისთვის, ბერგერს მიღებული აქვს კინოაკადემიის 4 ჯილდო, ხმის ინოვაციური გამოყენებისთვის ფილმებში "აპოკალიფსი დღეს" (1979წ.) "ამადეუსი" (1984წ.) "ინგლისელი პაციენტი" (1996 წ.) "კარგი გუნდი" (1983წ.). მისი ნამუშევრებიდანაა მილოშ ფორმანის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", ფრენსის ფორდ კოპოლას "ნათლიმამა", სტივენ სპილბერგის "მიუნხენი" და მრავალი სხვა. დღეისათვის მარკ ბერგერი ხელმძღვანელობს ხმის რეჟისურის სპეციალობას ბერკლის უნივერსიტეტში.