28 ნოემბერს ვნახავთ, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას არ გულისხმობდა და ერთი წელი ამ განცხადების გამო ხალხი ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს რუსთაველზე.
"28 ნოემბერს ვნახავთ, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ მათ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, რომ ეს ქვეყანა გადაეცათ და ჩაებარებინათ რაღაც დირექტიული მმართველობისთვის. ის ფაქტი, რომ 28 ნოემბრიდან 1 წელი სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველზე იმისთვის, რომ თითქოს ირაკლი კობახიძის განცხადება გულისხმობდა მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას, რეალურად კი, მათივე, და ამ შემთხვევაში, ევროკავშირს ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი მათ 6 თუ 5 თვით ადრე ჰქონდათ შეჩერებული. ამიტომ, ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძისთვის გადაბრალებაა. შესაბამისად, 1 წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან რომ ძალიან გთხოვთ, მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.