ყაზახური ინვესტორების დაინტერესებას ქართული მხარე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ბიზნესფორუმზე ცდილობს. ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს, თბილისში ამჯერად 30-ზე მეტი ყაზახური კომპანია ეცნობა.
ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები, მანქანათმშენებლობა, სასურსათო და სამშენებლო სექტორები, ქიმიური მრეწველობა - ეს ის სფეროებია, სადაც ყაზახ ბიზნესმენებს ბიზნეს-პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის დაწყება სურთ.
ჰიდრორესურსები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება - ეს კი ის სფეროებია, სადაც საქართველოს დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. მსგავსი ფორუმების ორგანიზება კი ხელს უწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორების დაახლოებას.
"ყაზახი ბიზნესმენებისთვის მოეწყობა ასევე სემინარი საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სისტემების შესახებ და ვფიქრობთ, რომ ეს ფორუმი ხელს შეუწყობს შემდეგი ინვესტიციების შემოდინებას და ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის შემდგომი ურთიერთობების დამყარებას. ყაზახური ინვესტიციების მოცულობა იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, შეადგენს 11 მლნ 700 ათას დოლარს.
სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში შემოსულია 38 მლნ. დოლარის ყაზახური პროდუქცია, ხოლო საქართველოდან ყაზახეთში 140 მლნ დოლარის პროდუქციაა გატანილი"- აღნიშნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიქოვანმა.
ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, აღნიშნულ მემორანდუმს მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგანაც არჩილ კეკელიას თქმით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ორივე მხარის ბიზნესმენები კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით ითანამშრომლობენ.
"მემორანდუმი ითვალისწინებს იმას, რომ სამომავლოდ საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო პალატები ინტენსიურად ითანამშრომლობენ. ჩემი აზრით დღევანდელი პლათფორმა ძალზედ მნიშვნელოვანია, შემდგომ თანამშრომლობისათვის. ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად საუბარი იქნება სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ყაზახეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს.
ბოლო წლების განმავლობაში ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პარტნიორი იყო და ვიმედოვნებთ რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება"- განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ კეკელიამ.
ყაზახეთის დელეგაცია საქართველოს 17 ოქტომბერს ეწვია. ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიების სამინისტროს, ექსპორტისა და ინვესტიციების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩამოვიდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ასევე ორმხრივი შეხვედრები და ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ სექტორების მიხედვით პირადად შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან. გარდა ამისა, ყაზახი ბიზნესმენებისთვის გაიმართება სემინარი თემაზე: საბაჟო-სატარიფო რეგულაცია და ბიზნესის წარმოება საქართველოში. დელეგაცია საქართველოს 20 სექტემბერს დატოვებს.