13 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეორე სხდომა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეკომიტეტის სხდომაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოში ტრანსპორტის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში განხორციელებული რეფორმები და ძირითადი განვითარებები, ასევე, აღნიშნული დარგების ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა; ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეებმა ასევე, იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზებზე ხსენებული მიმართულებებით.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის დარგებზე, მათ შორის ზემოხსენებულ სფეროებზე მსჯელობები მიმდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ფარგლებში, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ქვეკომიტეტი წარმოადგენს ხელსაყრელ ფორუმს ამ საკითხებზე უფრო დეტალური მსჯელობების წარმართვისა და, შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ქვეკომიტეტის სხდომა ორივე მხარის მიერ შეფასდა დადებითად და ევროპული მხარის მიერ ხაზგასმით აღინიშნა განხილულ სფეროებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნული ქვეკომიტეტი წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთ ფორმატს, რომელიც ერთი წლის წინ დაარსდა. ქვეკომიტეტი, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ინსტიტუტების მსგავსად, იმართება წელიწადში ერთხელ ექსპერტთა დონეზე, მორიგეობით ქ. თბილისსა და ქ. ბრიუსელში. პირველი სხდომა გაიმართა 2010 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისში.
ქვეკომიტეტის სხდომის თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAშ) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი სამმართველოს უფროსი ჯონ კეარი. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ქვეკომიტეტის მუშაობაში ჩართული საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ხოლო ევროპული მხრიდან საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები.