დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩას ახალი სახელი დაერქვა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონში ავშანის დასახლების უსახელო ქუჩას ავშანის ქუჩის სახელი მიენიჭა, ვაკე-საბურთალოს რაიონში ალ. ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. წ. "შანხაის" დასახლებაში მდებარე სამ უსახელო ქუჩას ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორისა და მედეა ჩახავას სახელები ეწოდა, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში, მეტალკონსტრუქციის ქვემო, მეტალკონსტრუქციის მეექვსე, ქვემომეტალურგიულ და ზემომეტალურგიულ ე. წ. "ზმკ"-ის დასახლებას წმ. ბარბარეს უბნის სახელი მიენიჭა.
დღესვე, დედაქალაქის საკრებულოს ორი ახალი წევრი შეემატა. დავით წერეთელისა და შმაგი ვეფხვაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მათი ადგილმონაცვლეები ვალერი ცხოვრებაძე და გიორგი იაკობაშვილი გახდნენ.