სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ თბილისი გამალებით იარაღდება, იგი აქცენტს ომის წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო მეთოდებსა და რადიოელექტრონულ საშუალებებზე აკეთებს.
"ამჟამად თბილისი უკვე ყიდულობს არა დაჟანგულ უკრაინულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს, არამედ თანამედროვე ომის წარმოების სისტემებზე გადადის. ამიტომაც, თბილისის რეჟიმის შეიარაღების პარალელურად, ომის განახლების ალბათობა მატულობს. კარგად ვიცით, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ყველა ძალოვან პროვოკაციაზე შეიძლება წავიდეს", _ აცხადებს მედოევი და დასძენს, რომ ამაზე მეტად ე. წ. სამხრეთ ოსეთს აღელვებს ის, რომ ევროპული საზოგადოება და საქართველოს მეგობრები კვლავინდებურად თვალს ხუჭავენ ყოველივე ამაზე.
"თუმცა აგვისტოს ომიდან სამხრეთ ოსეთის არმიამ გაკვეთილი მიიღო და ომიდან უფრო ძლიერი და გამოცდილი გამოვიდა. ჩვენს არმიაში გრძელდება საბრძოლო წვთნები, ჯარისკაცები ითავისებენ ახალ იარაღსა და ტექნიკას. სამწუხაროდ, არმია ჩვენთვის აუცილებელია, როგორც აგრესიის განუმეორებლობის გარანტი", _ აცხადებს მედოევი.