იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში მომუშავე პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე კომისიის მიერ არსებითი სახის დარღვევები არ გამოვლენილა.
„საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, შესაძლო შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.
კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; ასევე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.
უწყებათაშორისი კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.