თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი საკრებულოს 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა, ერთმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
2010 წლის ბიუჯეტი, რომელიც თბილისის მოსახლეობის დასაქმებაზეა ორიენტირებული, საკრებულოს დასამტკიცებლად თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარუდგინა.
მომავალი წლის ბიუჯეტი 2009 წელთან შედარებით 80 მილიონი ლარით გაიზარდა და 726 მილიონ 940 ათასი ლარი შეადგინა.
"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თბილისის მოსახლეობამ 2010 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში პირადად მიიღო მონაწილეობა. თბილისელებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელიც ამ გამოკითხვამ გამოიღო. წარმოდგენილი ბიუჯეტი კი სწორედ შედეგის მოლოდინზე მაღალკვალიფიციური პასუხი გახლავთ. პროგრამები, რომლებიც ბიუჯეტშია ჩადებული, მოსახლეობის პრობლემებზეა ორიენტირებული. გაწეული სამუშაოსა და გიგი უგულავას მიერ წარმოდგენილი მოხსენების მიმართ ჩემი დამოკიდებულება პოზიტიური და შთამბეჭდავია. ბიუჯეტში გაწერილი თვითოეული პუნქტის შესასრულებლად ბევრი შრომა მოგვიწევს, რისთვისაც ყველანი მზად ვართ", _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ სამადაშვილმა.