გასტროლზე მაყურებელი ნახავს საფრანგეთიდან ჩამოსული რეჟისორის, ალექსი ჯაყელის მიერ ზესტაფონის თეატრში განხორციელებულ სპექტაკლებს: „ოპუსი–115“ (მოლიერის „დონ ჟუანისა“ და „ტარტიუფის“ მიხედვით) და „ვოიცეკი“ (ბიუხნერის „ვოიცეკის“ მიხედვით).
აღსანიშნავია, რომ ფრანგულ–ქართული პროექტის ფარგლებში, ალექსი ჯაყელმა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლაბოლში მის მიერვე დაარსებულ თეატრალურ კომპანია „პრესტო ანდანტეს“ წარმატებით ხელმძღვანელობს, ზესტაფონის თეატრში, თვენახევრის განმავლობაში, ოთხ ახალი დადგმა განახორციელა, რომელთაგან ორის ნახვის საშუალება ქართველ მაყურებელს კინომსახიობთა თეატრში მიეცემა.
საგასტროლოდ ჩამოტანილ სპექტაკლებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული მსახიობები: გვანცა დადიანიძე, სალომე წურწუმია, თაკო აბაშიძე, ზურა აბესაძე, ვახო ჩაჩანიძე, თემურ კიკნაველიძე, ბადრი ტაბატაძე, თემურ ქველიაშვილი.
სპექტაკლები განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
ცნობისთვის, 22 ოქტომბერს, ზესტაფონის თეატრში დაგეგმილია დანარჩენი ორი წარმოდგენის („უტოპსია“ და ,,ისევ ზღაპარი“), ასევე, საფრანგეთში, უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ მიხედვით დადგმული „მინდას!!!“ საგანგებო ჩვენება თეატრმცოდნეების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები