ფრანგი მსახიობი ბერენის მარლო აგენტ 007-ზე შექმნილ ახალ ფილმში ბონდის გოგონას როლს ითამაშებს. მარლოს კანდიდატურა რეჟისორმა სემ მენდესმა და "ბონდინიადის" პროდიუსერებმა მაიკლ უილსონმა და ბარბარა ბროკლიმ მოიწონეს.
ოფიციალური ინფორმაცია ფილმში მარლოს მონაწილეობის შესახებ ჯერ არ დადასტურებულა. 22 წლის ბერენის მარლო, გადაღებულია რამდენიმე ფრანგულ ტელესერიალში. მარლოს ფილმოგრაფიაში აღნიშნულია მხოლოდ ერთი ფილმი - რეჟისორ გი მეზარგილის ნამუშევარი - "მოჯადოების ხელოვნება", რომელიც 2011 წელს გამოვიდა. მარლო ასევე ცნობილია როგორც ფოტომოდელი.
ბონდის გოგონას როლის შემსრულებელ პრეტენდენტთა სიაში იყვნენ მსახიობები ნაომი ჰარისი და მარგარეტ ლევიევი.
ჰარისი რეალურად მართლაც ჩნდება ბონდზე შექმნილ 23-ე ფილმში, მაგრამ არა 007-ის გოგონას , არამედ მისი მდივნის - მის მანიპენის როლში.
აგენტ 007-ზე შექმნილ ახალ ფილმზე, ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო სახელია ცნობილი - "ბონდი 23". მთავარ როლში კვლავ დენიელ კრეგი გამოჩნდება. მისი ხელმძღვანელის როლს კვლავ ჯუდი დენჩი შეასრულებს. ბონდის მოწინააღმდეგის როლს ჰავიერ ბარდემი ითამაშებს.
პროექტში ასევე ჩართულია რალფ ფაინსი, თუმცა მისი პერსონსჟის ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.
ჯეიმს ბონდზე გადაღებული 23-ე ფილმის ეკრანებზე გამოსვლა 2012 წლის შემოდგომაზე იგეგმება.